უკრაინელი ექსპერტები მინდელის შახტში შემთხვევის ადგილის დათვალიერებას სავარაუდოდ ვერ შეძლებენ
უკრაინელი ექსპერტები მინდელის შახტში შემთხვევის ადგილის დათვალიერებას სავარაუდოდ ვერ შეძლებენ

უკრაინელი ექსპერტები მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილს სავარაუდოდ, ვერ შეისწავლიან.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, მათ შახტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ უშუალოდ უბედური შემთხვევის ადგილი, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, ჩაკეტილია.

მისი თქმით, სპეციალისტებს მოუწევთ, ძირითადად იმ დოკუმენტაციით იხელმძღვანელონ, რომელსაც „საქნახშირის” ადმინისტრაცია მიაწვდის.

როგორც თამაზ დოლაბერიძემ აღნიშნა, მათ მიერ მოწვეულ შრომის დაცვის ტექნიკურ ინსპექტორებს დიდი გამოცდილება აქვთ და ასობით მსგავსი შემთხვევის კვლევა აქვთ ჩატარებული.

„მომხდარიდან მერვე დღეს, როგორც კომპანია ამბობს, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ის ადგილი არის დახშობილი, დაკეტილი, რადგან იყო საშიშროება, რომ დაგროვილიყო გაზი, შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე თუ ვერ მივლენ, შახტში ჩასვლას აზრი არ აქვს. შეიძლება ჩავიდნენ, მაგრამ, ალბათ, ის, რასაც დაეყრდნობიან, იქნება დოკუმენტები და დაშავებულებთან გასაუბრება.

ახლა მიმდინარეობს შეხვედრა კომპანიის ადმინისტრაციასთან. შრომის დაცვის ტექნიკური ინსპექტორები ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კითხვებს უსვამენ. ეცნობიან დოკუმენტაციას, ეცნობიან იმ დღის ნახშირის მოპოვების გეგმასა და მიმდინარეობას, ჰაერში მეთანის შემცველობასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტს, რომელიც დაფიქსირებული აქვს ადმინისტრაციას.

დღეს და ხვალ ისინი იმუშავებენ დოკუმენტებზე, ასევე სავარაუდოდ, მოინდომებენ დაშავებულებთან და დასაქმებულებთან გასაუბრებას. ისინი 26-ში წავლენ უკრაინაში და რამდენიმე დღე დასჭირდებათ საბოლოო დასკვნის მოსამზადებლად“, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

ტყიბულში, მინდელის შახტის დასათვალიერებლად უკრაინელი ექსპერტები ჩავიდნენ.

ტყიბულში, 5 აპრილს, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.