უკრაინელი ექსპერტები მინდელის შახტში შემთხვევის ადგილს სავარაუდოდ, დღეს დაათვალიერებენ
უკრაინელი ექსპერტები მინდელის შახტში შემთხვევის ადგილს სავარაუდოდ, დღეს დაათვალიერებენ

უკრაინელი ექსპერტები მინდელის შახტში შემთხვევის ადგილს სავარაუდოდ, დღეს დაათვალიერებენ.

სამთო ექსპერტები ტყიბულში „საქნახშირის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რათა უშუალოდ შემთხვევის ადგილი დაათვალიერონ.

„უკვე შევისწავლეთ ტექნიკური დოკუმენტაციის ნაწილი, რომელიც ადმინისტრაციამ მოგვაწოდა. ვიმედოვნებთ, რომ შახტში იმ ადგილზე ჩაგვიშვებენ, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. ასევე გვაქვს სურვილი შევხვდეთ და გავესაუბროთ თვითმხილველებს და დაზარალებულებს, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ და ამის უფლებას მოგვცემენ ექიმები. თუმცა უკრაინისგან განსხვავებით, ქართული კანონმდებლობა არ გვაძლევს საშუალებას, საგამოძიებო პროცესის დასრულებამდე მივიღოთ ინფორმაცია, თუ რა გახდა მეშახტეების გარდაცვალების მიზეზი და სრულად გავეცნოთ დოკუმენტაციას, რაც საქმეს გვირთულებს“, – განაცხადა პირველ არხთან სამთო ექსპერტმა ვიაჩისლავ კოროლმა.

ტყიბულში, მინდელის შახტის დასათვალიერებლად უკრაინელი ექსპერტები ჩავიდნენ.

ტყიბულში, 5 აპრილს, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.