უკრაინელი ექიმი - სააკაშვილი უარს ამბობს ანალიზების ჩაბარებაზე და სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც უმსუბუქებს შიმშილობას
უკრაინელი ექიმი - სააკაშვილი უარს ამბობს ანალიზების ჩაბარებაზე და სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც უმსუბუქებს შიმშილობას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში უკრაინიდან ჩამოსულმა ექიმმა, მაქსიმ პარაბინისმა მოინახულა.

ექიმი აცხადებს, რომ მას არ მისცეს სააკაშვილის გასინჯვის საშუალება.

„სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე მისი გასინჯვა, რადგან ციხის ადმინისტრაციამ მასთან არ შემიშვა და კომუნიკაცია მინის ბარიერის მიღმა მქონდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც 27 დღის გამავლობაში შიმშილობს, არის პაციენტი, რომელსაც სჭირდება სამედიცინო დაკვირვება. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დღევანდელი დღიდან, რადგან მას უარი უთხრეს დახმარებაზე, უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე. ის უარს ამბობს ანალიზების ჩაბარებაზე და სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც უმსუბუქებს შიმშილობას.

ამ ეტაპზე, ხელმძღვანელობის მხრიდან არ მიმიღია ინფორმაცია სააკაშვილის დაავადებების ისტორიის შესახებ, ანალიზების მონაცემების შესახებ. რა ინფორმაციასაც ვფლობ, მივიღე კოლეგებისგან, სხვა ექიმებისგან, რომლებიც ინფორმაციას მიხეილთან საუბრის შედეგად ფლობენ. რაც შეეხება დიაგნოზს, ეს სამედიცინო საიდუმლოა და ამის შესახებ საუბარი მხოლოდ მას შეუძლია. რაც შეეხება სამედიცინო მეთვალყურეობას, თუკი ის არ მიიღებს სამედიცინო დახმარებას, ეს ზრდის მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკებს შიმშილობის პერიოდში“, – აცხადებს უკრაინელი ექიმი.

ექიმი ამბობს, რომ სააკაშვილი გრძნობს მხარდაჭერას და რადგანაც ვერ სარგებლობს კანონიერი უფლებებით, მისი ბრძოლის ერთადერთი მეთოდი არის ის, რომ არ მიიღებს სამედიცინო დახმარებას.

უკრაინელი ექიმი ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დაშვება, რომ სააკაშვილი აღმოჩნდეს სამედიცინო კონტროლის მიღმა: „არ ვიცი, ამის უზრუნველყოფა როგორ უნდა მოხდეს, რადგან სხვადასხვა ანალიზები არის ასაღები, ის საჭიროებს რეგულარულ მეთვალყურეობას და კონტროლს. მას სჭირდება დამატებითი მედიკამენტები, რათა შეინარჩუნოს ფიზიკური ჯანმრთელობა.

როდესაც უფლებას მომცემენ, გავსინჯავ. მე დღესაც შემიძლია. თან მაქვს შესაბამისი ხელსაწყოები და მისი გასინჯვა, როგორც ექიმს, გუშინ საღამოსაც შემეძლო“, – განაცხადა მან. ასევე, უპასუხა შეკითხვას, გაუსინჯავს თუ არა სააკაშვილი უკრაინაში. „მისი გასინჯვის საჭიროება არ იდგა, როგორც ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის მხრიდან“, – განაცხადა ექიმმა.

ამასთან, უკრაინელმა ექიმმა აღნიშნა, რომ უპრობლემოდ შემოუშვეს საქართველოში: „როდესაც საქართველოში შემოვდიოდი, ჩემს პასპორტს დიდი ხნის განმავლობაში ათვალიერებდნენ, 10-15 წუთის განმავლობაში, ესაუბრებოდნენ ხელმძღვანელობას, თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე უპრობლემოდ შემომიშვეს“.