უკრაინელი ჟურნალისტები და ბლოგერები ინფოტურის ფარგლებში იმერეთს ეწვევიან
უკრაინელი ჟურნალისტები და ბლოგერები ინფოტურის ფარგლებში იმერეთს ეწვევიან

უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ტურისტული სფეროთი დაინტერესებულ ჟურნალისტებს და ბლოგერებს შეხვდნენ. იმერეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა უკრაინაში საქართველოს საელჩოში გაიმართა.

მათივე ცნობით, უკრაინელი ჟურნალისტები და ბლოგერები დაინტერესდნენ, კონკრეტულად, რისი ნახვა შეუძლიათ ტურისტებს იმერეთში. სახელმწიფო რწმუნებულმა მათ იმერეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, იმერეთი გამორჩეულია მდიდარი ისტორიით, კულტურული მემკვიდრეობით, ბუნებით, გასტრონომიით, ღვინითა და სტუმართმოყვარეობით.

ამასთან, სახელმწიფო რწმუნებულმა ისაუბრა წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტზე, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება და მას იმერეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

გარდა ამისა, ზვიად შალამბერიძემ იმერეთში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია გამართა, ასევე უჩვენა მათ ქუთაისის შესახებ შექმნილი საიმიჯო რგოლი.

ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა იმერეთში სტუმრობის და ტურისტული პოტენციალის ადგილზე გაცნობის სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრაზე შეთანხდნენ, რომ უკრაინელი ჟურნალისტები და ბლოგერების ინფოტურის ფარგლებში იმერეთს ეწვევიან.