უკრაინელების 65% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს ასახელებს
უკრაინელების 65% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს ასახელებს

უმუშევრობა, კორუფცია და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია რუსეთის მიერ უკრაინელებისთვის ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორებად დასახელდა.

New Europe Center-ის მიერ ჩარტარებული კვლევის შედეგების თნახმად, უკრაინაში გამოკითხულთა 63% სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევად რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს, 52% – კორუფციას, მთავრობის სუსტ საკადრო პოლიტიკას კი 51%.

ამავდროულად, 40 წლამდე გამოკითხულთა 65%-მა განაცხადა, რომ უკრაინის მთავარი მტერი რუსეთია.

ამავე რაოდენობამ ქვეყნის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად სწორედ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია და ყირიმის ანექსიას დაასახელა.

კვლევის დროს რესპონდენტებს საშუალება ჰქონდათ 2-3 კითხვაზე ერთდროულად გაეცათ პასუხი.

აღსანიშნავია, რომ ორი კვირით ადრე რუსეთის ერთ-ერთმა მსხვილმა კვლევითმა ორგანიზაცია „ლევადა ცენტრმა“ 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციაში გამოკითხულთა მოსახლების 68% მათი ქვეყნის პირველ მტრად ამერიკის შეერთებულ შტატებს ასახელებს, 29% – უკრაინას, 14% – ევროკავშირს, 10% – ბალკანეთის ქვეყნებსა და საქართველოს, 8% – პოლონეთს, 6% – გერმანიას, ხოლო 5% – ისლამურ რადიკალიზმსდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“.

ამავე კვლევაში, გამოკითხულთა 4%-მა რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად არაბული სამყაროდან მომდინარე საფრთხე დაასახელა. ასევე 4% რუსეთის მთავარ მტრად თავად რუსეთის ხელისუფლებას მიიჩნევს, 3% – ოპოზიციას, ხოლო 2% რუს ოლიგარქებს.

„ლევადა ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში პასუხის გაცემისგან თავი 13%-მა შეიკავა.

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა თავდაცვის ახალი სტრატეგია წარადგინა. დოკუმენტში წერია, რომ აშშ-ის მთავარი გამოწვევა დღეს სწორედ რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანია.