უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთის მიერ უკრაინაზე მასშტაბურ საჰაერო თავდასხმას, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ენერგეტიკული ობიექტები ქვეყნის არაერთ რეგიონში.
ადგილობრივი პროკურორების თქმით, თავდასხმების შედეგად დაიღუპა ერთი ოჯახის ოთხი წევრი, რომლებიც პოლონეთის საზღვართან, ლვოვის დასავლეთ რეგიონში ცხოვრობდნენ.
ლვოვის მერ ანდრეი სადოვის განცხადებით, დაბომბვის შედეგად ქალაქის რამდენიმე უბანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ლვოვის რეგიონის გუბერნატორის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, ქალაქზე თავდასხმა ომის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა იყო და რუსეთმა 140 დრონი და 23 რაკეტა გამოიყენა.
როგორც „როიტერი“ წერს, მოსკოვმა ბოლო კვირების განმავლობაში გააძლიერა უკრაინაზე თავდასხმები, განსაკუთრებით უკრაინის ენერგოსისტემასა და გაზის წარმოების ობიექტებზე.