უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი გრიგოლ ქათამაძე უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას ითხოვს 
უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი გრიგოლ ქათამაძე უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას ითხოვს 

უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი (2000-2007, 2009-2013 წლებში), უკრაინული საზოგადოებრივი ორგანიზაციის „უკრაინის გადამხდელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, გრიგოლ ქათამაძე პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართავს.

ამის შესახებ ქათამაძემ უკრაინული გამოცემა „გორდონთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მინდა, ვისარგებლო თქვენს გამოცემასთან საუბრის შესაძლებლობით და საჯაროდ მივმართო ვლადიმირ ზელენსკის ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით. უკვე ექვსი წელი გავიდა, რაც საქართველოში სახელმწიფო სამსახური დავტოვე. ოდესღაც, დიდი ხნის წინ მე დავამთავრე შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თითქმის 13 წელი ვიყავი საქართველოს ელჩი უკრაინაში, მრავალი წელი ვცხოვრობ კიევში“, – განაცხადა ქათამაძემ.

მისი თქმით, ის 2015 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს „უკრაინის გადამხდელთა ასოციაციას“, რომელიც მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს და აქტიურად მუშაობს უკრაინის საგადასახადო კოდექსის განახლებაზე.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაიხსენა ინაუგურაციის დროს ზელენსკის მიერ გაკეთებული განცხადება, რა დროსაც მან უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს სამშობლოში დაბრუნებისკენ და სახელმწიფოს განვითარებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„თავის საინაუგურაციო სიტყვაში ზელენსკიმ საზღვარგარეთ მყოფ ყველა ეთნიკურ უკრაინელს სამშობლოში დაბრუნებისკენ და უკრაინას ერთად რეფორმირებისკენ მოუწოდა. ეს მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვისაც. მართალია, მე ეთნიკური უკრაინელი არ ვარ, თუმცა გულწრფელად განვიცდი იმ ქვეყნის მომავალს, რომელსაც ჩემი გაცნობიერებული ცხოვრების დიდი ნაწილი უკავშირდება. საუკუნის მეოთხედი მე ვიმუშავე დიპლომატიურ კორპუსში და საქართველოს ინტერესებს წარმოვადგენდი, თუმცა არასდროს ვლახავდი უკრაინის ინტერესებს“, – აღნიშნავს ყოფილი დიპლომატი.

მისი თქმით, მოქალაქეობის შეცვლის გადაწყვეტილების მიღება მისთვის რთული იყო, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანია, დაეხმაროს უკრაინას განვითარებაში.

„გულწრფელად ვაღიარებ, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა ჩემთვის მძიმე და სერიოზული ნაბიჯი იყო. თუმცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა იმ პოზიტიურ ცვლილებებთან კავშირში ყოფნა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, განხორციელდება უკრაინაში“,- განაცხადა გრიგოლ ქათამაძემ.