უკრაინაში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, ხარკოვთან ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა
უკრაინაში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, ხარკოვთან ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის ინფორმაციით, ხარკოვთან ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.

როგორც გიორგი ზაქარაშვილა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დაჭრილებს უტარდებათ ყველა სამედიცინო დახმარება.

„ჩვენი ინფორმაციით, იყო შეტაკება ხარკოვთან, სადაც დაიღუპა ორი ქართველი და ოთხი ქართველი მებრძოლი დაიჭრა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაჭრილებს უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება, მათთან ხაზზე ვართ და აქვთ მოლოდინი, რომ მათი ევაკუაცია შესაძლებელი გახდება, ისევე, როგორც დაღუპულთა ცხედრების. შესაბამისად, თუ ეს განხორციელდა, შემდეგ უკვე ცხადია, ჩვენც ჩავერთვებით და გავაკეთებთ რაც შეგვიძლია დაღუპულების გადმოსვენებისა და დაჭრილებისთვის. ყველაფერი დამოკიდებულია მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე, მათ შორის, რამდენადაც ჩვენ ვიცით, საკმაოდ მძიმედ არიან დაჭრილები, ყველაფერი გაირკვევა უახლოეს საათებში და დღეებში. იმედი ვიქონიოთ, რომ დაჭრილების გამოყვანას მოახერხებენ“, – განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე, დაღუპულები და დაშავებულები არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები, ელჩმა აღნიშნა: „რამდენადაც ვიცით, საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ ზუსტად ჯერ ვერ გეტყვით“.