უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. კანდიდატებს შორის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მსახიობი და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი არიან.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიკეტება. ქვეყანაში მოქმედებს 30 ათასამდე საარჩევნო უბანი, 102 საარჩევნო უბანი გახსნილია საზღვარგარეთ, მათ შორის ერთი საქართველოში.

რეგისტრირებულია 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველი. არჩევნებს მონიტორინგს უწევს 22 ქვეყნისა და 19 საერთაშორისო ორგანიზაციის სამი ათასი დამკვირვებელი.

უკრაინაში არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა, რის შედეგადაც, ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24 პროცენტი მიიღო, პეტრო პოროშენკომ კი, 15,94 პროცენტი. არჩევნების პირველ ტურში სულ 39 კანდიდატი მონაწილეობდა, რაც უკრაინის ისტორიაში რეკორდული რაოდენობაა.

კვლევითი კომპანია „რეიტინგის“ მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, ვლადიმირ ზელენსკის გამოკითხულთა 52% უჭერს მხარს. პეტრო პოროშენკოსთვის ხმის მიცემას რესპონდენტთა 19% გეგმავს. 19%-ს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რა არჩევანს გააკეთებს, 10% კი, არჩევნებზე მისვლას არ აპირებს.

უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.