უკრაინაში, საბერძნეთსა და გაერთიანებულ სამეფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასურსათო ქსელ „სპარის“ ვაუჩერები გადაეცათ
უკრაინაში, საბერძნეთსა და გაერთიანებულ სამეფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასურსათო ქსელ „სპარის“ ვაუჩერები გადაეცათ

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით განაგრძობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების დახმარებას და პირველადი საჭიროების ნივთებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, საქართველოს საგარეო უწყებისა და კომპანია „SPAR საქართველოს“ ერთობლივი აქციის ფარგლებში, უკრაინაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ, ქალაქ კიევში, კიევის ოლქში და დასავლეთ უკრაინაში დროებით მცხოვრებ საქართველოს 23 მოქალაქეს, მათ შორის, სტუდენტებს, ოჯახებს მცირეწლოვანი შვილებით, შექმნილი მდგომარეობის გამო უსახსროდ დარჩენილ პირებს, რომლებიც არიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეები, გადაეცათ საერთაშორისო სასურსათო მაღაზიათა ქსელ SPAR-ის სურსათის ვაუჩერები. ასევე, უკრაინის ქალაქ დონცკში საქართველოს კონსულმა ირაკლი ადვაძემ, ქალაქ ხარკოვში მყოფ საქართველოს 29 მოქალაქეს გადასცა ვაუჩერები.

საგარეო უწყების ცნობით, 23 აპრილს, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს კონსულმა მარიამ წერეთელმა სასურსათო ვაუჩერები გადასცა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ რვა თანამემამულეს. გარდა ამისა, ქალაქ ათენში საქართველოს საკონსულო სამსახურის მხრიდან აღნიშნული ვაუჩერები გადაეცა ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელს ათენში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„აღსანიშნავია, რომ წინასააღდგომოდ, საბერძნეთში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრთან თანამშრომლობით, 17 და 18 აპრილს სასურსათო ქსელ SPAR-ის ვაუჩერების საშუალებით 247 ბენეფიციარი უზრუნველყო საკვები პროდუქტებით.

აღნიშნული აქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „SPAR საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ითვალისწინებს ევროპის 20-მდე ქვეყანაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის SPAR-ის ქსელის სასურსათო ვაუჩერებით სარგებლობას.

„SPAR საქართველოს“ საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით, 2000-მდე სასურსათო ვაუჩერი გადაეცემა განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ბელარუსში, პორტუგალიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, მალტაში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, უკრაინაში, სლოვენიაში, შვეიცარიაში, გაერთიანებულ სამეფოში და ა.შ. ისინი აღნიშნული სასურსათო ვაუჩერებით ჩამოთვლილ ქვეყნებში მდებარე SPAR INTERNATIONAL-ის მაღაზიათა ქსელში ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, SPAR INTERNATIONAL-ის დახმარებით, მოკლე დროში მოხერხდა საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი აღნიშნული ერთჯერადი აქციის ორგანიზება. SPAR INTERNATIONAL-ის ბრენდი, საქართველოს გარდა, მსოფლიოს 49 ქვეყანაში 13 000-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არსებული საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ის გავრცელების ფონზე, ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად მუშაობის საგანგებო, 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. მათივე ცნობით, ამ დრომდე საცხოვრებლით, საკვებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით საქართველოს ათასობით მოქალაქეს გაეწია დახმარება.