უკრაინაში რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან კავშირში მყოფი უკრაინის მოქალაქე დააკავეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან კავშირში მყოფი უკრაინის მოქალაქე დააკავა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული მამაკაცი 2014-2020 წლებში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხაზით დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელობას ზედამხედველობდა.
დაკავებული მამაკაცი, როგორც რუსეთის სპეცსამსახურების უშტატო წარმომადგენელი, სავარაუდოდ მონაწილეობდა ე.წ. „დონეცკის რესპუბლიკის სადაზვერვო სამსახურის“ შექმნაში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მისი ხელმძღვანელები და წარმომადგენლები 2014 წელს დონბასში მალაიზიური ბოინგის, „ემეიჩ 17“-ის განადგურებაში მონაწილეობდნენ.