უკრაინაში რუსეთის ოკუპაციისგან ბუჩის გათავისუფლების სამი წლისთავი აღნიშნეს
უკრაინაში რუსეთის ოკუპაციისგან ბუჩის გათავისუფლების სამი წლისთავი აღნიშნეს. ბუჩაში სამხედრო სასაფლაოზე შეკრებილებმა რუსი სამხედროების მიერ მოკლულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ასევე პარაკლისი აღავლინეს ადგილობრივი ეკლესიის ეზოში, სადაც დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალია განთავსებული.
რუსეთის ძალებმა ბუჩა 2022 წელს ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან მალევე დაიკავეს. კიევის ოლქის ეს ქალაქი და რაიონი რუსეთის ძალებს 33 დღის განმავლობაში ჰქონდათ ოკუპირებული.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა ბუჩაში 1 400-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, მათ შორის 37 ბავშვი. გათავისუფლების შემდეგ დასახლებაში მასობრივი სამარხი და წამების ოთახები აღმოაჩინეს. უკრაინულ მხარეს რუსი ჯარისკაცების მიერ ბუჩაში ჩადენილი 9 000-მდე სამხედრო დანაშაული აქვს აღრიცხული.