უკრაინაში ქართველების დაპირისპირება მაისურაძის „პოლესიემ“ მოიგო #1TVSPORT
ქართველებისთვის უკრაინის პრემიერლიგაში მე-20 ტურის შეხვედრები ძირითადად წარუმატებელი გამოდგა, რადგან გამარჯვება მხოლოდ ერთმა მოიპოვა.
გიორგი კუციას „ვერესი“ „ლივი ბერეგს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 75 წუთი ითამაშა. 90 წუთი დაჰყო „ჩერკასში“ შოთა ნონიკაშვილმა, რომელიც კიევის „დინამოსთან“ შინ 1:2 დამარცხდა.
ნიკა გაგნიძის კოვალივკას „კოლოსმა“ კი ჩემოპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, „ოლეკსანდრიას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. გორის „დილას“ ყოფილი კაპიტანი ამჯერადაც მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და შეუცვლელად ითამაშა.
ირაკლი აზაროვი დონეცკის „შახტარის“ სათადარიგოებში დარჩა „კრივბასთან“ მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა.
სამი ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა მოედანზე ჟიტომირის „პოლესიესა“ და ოდესის „ჩორნომორეცის“ შეხვედრაში – მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა გიორგი მაისურაძემ, ოდესელებში სასტარტო თერთმეტში დაიწყო თამაში ლუკა ლაცაბიძემ (46-ე წუთზე შეცვალეს) და 74-ე წუთზე გიორგი რობაქიძე შეცვლაზე შევიდა.