უკრაინაში ომთან დაკავშირებით, ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
უკრაინაში ომთან დაკავშირებით, ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომზე, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.

გერმანიის მთავრობისა და კრემლის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს უკრაინიდან ჯარების გაყვანისა და კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებისკენ მოუწოდა.

ამასთან, ოლაფ შოლცმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები დაგმო და თქვა, რომ გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფაში.

თავის მხრივ, პუტინმა შოლცს განუცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის შეიარაღების გადაცემით და უკრაინელი სამხედროების წვრთნით, დასავლეთის ქვეყნები დესტრუქციულ როლს თამაშობენ.

პუტინის განცხადებით, უკრაინის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის გამო, კიევი მოლაპარაკებების ყოველგვარ იდეას უარყოფს.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები იყო „გარდაუვალი“ პასუხი კიევის „პროვოკაციულ თავდასხმებზე“.

ამასთან, ორმა ლიდერმა განიხილა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება და შეთანხმდნენ, რომ დარჩნენ კონტაქტზე.