უკრაინაში ფართომასშტაბური ომის დაწყების წლისთავზე აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა, სანქციები დაუწესდა 60-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს
უკრაინაში ფართომასშტაბური ომის დაწყების წლისთავზე აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა, სანქციები დაუწესდა 60-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს

უკრაინაში ფართომასშტაბური ომის დაწყების წლისთავზე აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, სანქციები დაუწესდა 60-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც დაკავშირებული არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის პოლიტიკასთან და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არალეგიტიმურ ადმინისტრაციებთან.

„შავ სიაში“ მოხვდნენ რუსეთის მთავრობის წევრები, რეგიონული გუბერნატორები და მაღალჩინოსნები, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექვსი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის რეჟიმთან და უკრაინული მარცვლეულის მოპარვასთან. კერძოდ, „შავ სიაში“ შეიყვანეს ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრი, კულტურის და სპორტის მინისტრები, ენერგეტიკის მინისტრი, საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ტატიანა გოლიკოვა და მთავრობის სხვა წევრები; ასევე რუსი ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა.

შეზღუდვები შეეხო სამ კომპანიას, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის ენრგორესურსების წარმოებასა და ექსპორტში. სანქციები დაუწესდა ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ოთხ პირსა და 22 კომპანიას, რომლებიც რუსეთის დაზვერვას მონაცემების შესაგროვებლად ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფაში ეხმარებოდნენ.

ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები შეეხო სამ კომპანიას, რომელთა საქმიანობა რუსეთის ბირთვული შეირაღების შემუშავებასა და ექსპლუატაციას ეხება. აღნიშნული კომპანიები „როსატომის“ დაქვემდებარებაში მუშაობენ. სანქციები დაუწესდა უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის უკანონო მართვაში ჩართულ პირებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ასევე გამოაცხადა რუსეთიდან საქონლის ექსპორტზე ტარიფების გაზრდის შესახებ. 70 პროცენტამდე გაიზარდა ტარიფები ლითონზე.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვაჭრობის დეპარტამენტმა დამატებითი საექსპორტო შეზღუდვები დაუწესა რუსეთს, ბელარუსსა და ირანს, ასევე ამ სამ ქვეყანაში რეგისტრირებულ კომპანიებს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა რუსეთის შეიარაღებული ძალების 1219 წარმომადგენელს, მათ შორის ოფიცრებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის.

სამ რუს სამხედრო მაღალჩინოსანს, არტიომ გოროდილოვს, ალექსეი ბულგაკოვს და ალექსანდრ ვასილიევს პასუხისმგებლობა ეკისრებათ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, შესაბამისად, მათ და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.