უკრაინაში ევროკავშირის ელჩი კატარინა მატერნოვა აცხადებს, რომ რუსეთის მუქარის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები კიევში მუშაობას განაგრძობენ

15:05, 04.10.2026

უკრაინაში ევროკავშირის ელჩი კატარინა მატერნოვა აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მუქარის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები კიევში მუშაობას განაგრძობენ. ამის შესახებ ელჩმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

მედიის ცნობით, მატერნოვა გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი ზამთარში უკრაინის დედაქალაქზე მასობრივი იერიშებით იმუქრება და უცხოელებს, განსაკუთრებით დიპლომატიური მისიების პერსონალს, კიევის დატოვებისკენ მოუწოდებს.

ელჩის თქმით, რუსეთის მხრიდან დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ მუქარა ბრძოლის ველზე უპირატესობის არარსებობის გამო, იმედგაცრუების ნიშანია.

„ჩვენ კიევში ვრჩებით, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნების ყველა სხვა საელჩო. ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ. სწორედ ამიტომ ვართ აქ. რჩება ევროკავშირის საკონსულტაციო მისია, ასევე, რჩებიან ევროკავშირის საელჩოები. კიევში 25 წევრ სახელმწიფოს ჰყავს საელჩოები და ყველა მათგანი რჩება. რუსეთს რამდენჯერმე ჰქონდა მსგავსი მუქარა. ჩემი აზრით, ეს იმედგაცრუების ნიშანია, ბრძოლის ველზე უპირატესობის ვერმიღწევის გამო“, – განაცხადა მატერნოვამ.

ელჩის განმარტებით, რუსეთის მუქარის მიუხედავად, ევროკავშირი არ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას.

„ისინი ცდილობენ, გვაიძულონ, რომ უკრაინას ნაკლებად დავუჭიროთ მხარი. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ უფრო მეტად გვაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა. არსებობს ვენის კონვენციები, რომლებიც არეგულირებს დიპლომატიური მისიების საქმიანობას მთელ მსოფლიოში და უმჯობესია, რუსეთმა არ გამოსცადოს ისინი“, – განაცხადა დიპლომატმა.

ამასთან, „გარდიანის“ სტატიის მიხედვით, დიპლომატები განიხილავენ კიევიდან საელჩოების გადატანის საკითხს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიზანმიმართულად დაიწყებს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე თავდასხმებს. აღნიშნული ინფორმაცია უარყო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ. მისი თქმით, უცხოელ პარტნიორებს უკრაინისთვის კიევიდან დიპლომატიური მისიების გადატანის განზრახვის შესახებ სამინისტროსთვის არ უცნობებიათ.

მსგავსი