უკრაინაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ელჩებმა რუსეთის ხელისუფლებას ოლეგ სენცოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს
უკრაინაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ელჩებმა რუსეთის ხელისუფლებას ოლეგ სენცოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს

კიევში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ელჩები რუსეთის ხელისუფლებას უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. როგორც დიდი შვიდეულის ჯგუფის დიპლომატების კანადელი თავმჯდომარის „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან ოლეგ სენცოვთან და რუსეთში სხვა დაკავებულ და დაპატიმრებულ პირებთან დაკავშირებული სიტუაციის გამო.

„მათი გათავისუფლება, როგორც პატიმრების ფართო ორმხირივი გაცვლის ნაწილი, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ნაბიჯი იქნებოდა“, – ნათქვამია უკრაინაში აკრედიტებული ელჩების განცხადებაში.

ოლეგ სენცოვს უკვე თითქმის 40 დღეა შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

რეჟისორი ოლეგ სენცოვი ყირიმში 2014 წელს დააკავეს. 2015 წლის აგვისტოში მას სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსეთის ხელისუფლება სენცოვს ყირიმის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფების შექმნაში ადანაშაულებს. ამავე საქმეზე ალექსანდრ კოლჩენკოს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.