უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით მენაბდიშვილი ​სამხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით მენაბდიშვილი ​სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით მენაბდიშვილი ​სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დავით მენაბდიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთავის სიონის ტაძარში გაიმართა.

დაღუპული ქართველი მებრძოლის ხსოვნას, ოჯახის წევრებთან ერთად, პატივი მიაგეს საზოგადოების წევრებმა და პოლიტიკოსებმა.

ქართველი მებრძოლი დავით მენაბდიშვილი 9 აპრილს უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად შეტაკების დროს ქართველ მებრძოლთან, ნიკა შანავასთან ერთად დაიღუპა. დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა სამშობლოში 15 აპრილს ჩამოასვენეს. მოქალაქეები დაღუპულთა ჩამოსვენებას სანთლებით, ასევე საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ. დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა აეროპორტიდან საქართველოსა და უკრაინის ჰიმნების ფონზე გამოასვენეს.

ნიკა შანავას საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით ხვალ დაკრძალავენ.

უკრაინაში ამ დრომდე ექვსი ქართველი მებრძოლია დაღუპული. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი სამშობლოში 24 მარტს გადმოასვენეს. ისინი 18 მარტს კიევთან ახლოს, ირპენის რეგიონში რუსების მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის მოგერიების დროს დაიღუპნენ. 31 მარტს ჩამოასვენეს სამშობლოში უკრაინაში დაღუპული მებრძოლი დავით გობეჯიშვილი, რომელიც 26 მარტს, ქალაქ ირპენში შეტაკებებისას დაიღუპა.

რაც შეეხება კიდევ ერთი დაღუპულის, ქართველი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას გადმოსვენების საკითხს, რომელიც მარიუპოლში 19 მარტს დაიღუპა, ადგილზე შექმნილი რთული ვითარების გამო, მისი გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება.