უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა სამშობლოში ჩამოასვენეს.

დაღუპული მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები. მოქალაქეები დაღუპულთა ჩამოსვენებას სანთლებით, ასევე საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ. დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა აეროპორტიდან საქართველოსა და უკრაინის ჰიმნების ფონზე გამოასვენეს.

ქართველი მებრძოლები ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი 9 აპრილს უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად შეტაკების დროს დაიღუპნენ.

უკრაინაში ამ დრომდე ექვსი ქართველი მებრძოლია დაღუპული. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი სამშობლოში 24 მარტს გადმოასვენეს. ისინი 18 მარტს კიევთან ახლოს, ირპენის რეგიონში რუსების მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის მოგერიების დროს დაიღუპნენ. 31 მარტს ჩამოასვენეს სამშობლოში უკრაინაში დაღუპული მებრძოლი დავით გობეჯიშვილი, რომელიც 26 მარტს, ქალაქ ირპენში შეტაკებებისას დაიღუპა.

რაც შეეხება კიდევ ერთი დაღუპულის, ქართველი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას გადმოსვენების საკითხს, რომელიც მარიუპოლში 19 მარტს დაიღუპა, ადგილზე შექმნილი რთული ვითარების გამო, მისი გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება.