უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი ბრიჯიტ ბრინკი აცხადებს, რომ თანამდებობა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გამო დატოვა
უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი ბრიჯიტ ბრინკი აცხადებს, რომ თანამდებობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გამო დატოვა. ამის შესახებ ყოფილი ელჩი გამოცემა Detroit Free Press-ის საავტორო წერილში ჰყვება.
ბრინკი წერს, რომ ელჩად მუშაობა უკრაინაში იყო „ყველაზე მძიმე“ მის ცხოვრებაში. როგორც მან აღნიშნა, პატივს სცემს „პრეზიდენტის უფლებასა და მოვალეობას, განსაზღვროს აშშ-ის საგარეო პოლიტიკა“ კონგრესის შესაბამისი კონტროლის პირობებში.
„აშშ-ის დიპლომატიური სამსახურის როლი მდგომარეობს ამ პოლიტიკის განხორციელებაში. სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა მდგომარეობდა ზეწოლის განხორციელებაში მსხვერპლზე, უკრაინაზე და არა აგრესორზე, რუსეთზე. ამიტომ მე ვერ შევძელი კეთილსინდისიერად განმეხორციელებინა ადმინისტრაციის პოლიტიკა და ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, გადავმდგარიყავი“, – აღნიშნა ბრინკმა.
როგორც ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, მას არ შეუძლია, „განზე გადგეს, როდესაც ქვეყანაში შეჭრა ხდება, დემოკრატია იბომბება, ხოლო ბავშვების სიკვდილი დაუსჯელი რჩება“.
„მიმაჩნია, რომ აშშ-ის ინტერესების უზრუნველყოფის ერთადერთი გზა დემოკრატიის დაცვა და ავტოკრატებთან დაპირისპირებაა. მშვიდობა ნებისმიერ ფასად სულაც არ არის მშვიდობა, არამედ დათმობაა. ისტორია კვლავ და კვლავ გვასწავლის, რომ დათმობა არ იწვევს უსაფრთხოებას, დაცულობას ან კეთილდღეობას. ის იწვევს ახალ ომებსა და ტანჯვას“, – წერს ბრინკი.
მისივე თქმით, მსოფლიოს ჯერ არ უნახავს „ასეთი სისტემატური, ასეთი მასშტაბური და ასეთი საშინელი ძალადობა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“.
„ის, თუ როგორ გავუმკლავდებით ამ ომს, ბევრს ეტყვის როგორც ჩვენს მეგობრებს, ასევე მტრებს, და პუტინი თუ წარმატებას მიაღწევს, ეს იქნება სიგნალი ჩინეთისთვის, რომელიც ძირს გამოუთხრის უსაფრთხოების ბალანსს აზიაში და მთელ მსოფლიოში. ამას ექნება შორს მიმავალი შედეგები ამერიკის უსაფრთხოებისთვის, დაცულობისა და კეთილდღეობისთვის“, – წერს ყოფილი ელჩი.
ბრინკის თქმით, „ამერიკა, რომელიც მას უყვარს, არასდროს გადგებოდა გვერდზე და არ დაუშვებდა ასეთ საშინელებებს“.
„ამერიკა როდესაც არ უძღვება თავისუფალ მსოფლიოს, საფრთხის ქვეშ დგება ჩვენი საკუთარი წარმატება, როგორც ერის… მე აღარ ვარ ამერიკელი დიპლომატი, მაგრამ არასდროს შევწყვეტ ამერიკული ლიდერობის აუცილებლობის რწმენას ჩვენი მომავლის უზრუნველსაყოფად და იმედისა და შესაძლებლობების მისაცემად… ყველა ამერიკელისთვის და მრავალი სხვა ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნავს ბრინკი.
ცნობისთვის, ბრიჯიტ ბრინკის გადადგომის შესახებ აპრილში გახდა ცნობილი. მედია ადრე იტყობინებოდა, რომ ელჩმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა თანამდებობა ტრამპის ადმინისტრაციასთან უთანხმოების გაძლიერების ფონზე. მაისის დასაწყისში ჯული დევისი შეუდგა კიევში აშშ-ს საელჩოში დროებითი რწმუნებულის მოვალეობების შესრულებას.