უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - კარგი იქნებოდა, რუსები გასულიყვნენ სამხრეთ ოსეთიდან, აფხაზეთიდან, ყირიმიდან, დონბასიდან, ეს უფრო მარტივს გახდიდა გაწევრიანებას
უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - კარგი იქნებოდა, რუსები გასულიყვნენ სამხრეთ ოსეთიდან, აფხაზეთიდან, ყირიმიდან, დონბასიდან, ეს უფრო მარტივს გახდიდა გაწევრიანებას

რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციები ნამდვილად არ არის საკმარისი, რადგან ამ დროის განმავლობაში ვერ დავინახეთ, რომ რუსები დონბასიდან ან ყირიმიდან წასულიყვნენ, – ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, უილიამ ტეილორმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სანქციის მიზანია, იყოს მტკივნეული რუსეთისთვის, რათა შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები და ამიტომაც დააწესეს ამერიკამ, ევროპამ, ავსტრალიამ, იაპონიამ, კანადამ თუ სხვა ქვეყნებმა.

„უნდა ითქვას, არსებობს უფრო ფართო სანქციებიც, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას შეუძლია, რუსეთს დაუწესოს. ერთი მხრივ არსებობს სექტორალური სანქციები, თავდაცვის, ენერგეტიკის, საფინანსო სექტორის მიმართულებით, რაც შეგვიძლია, რუსეთის წინააღმდეგ ავამოქმედოთ. შეგვიძლია, უფრო მეტ ადამიანსაც დავუწესოთ შეზღუდვა, რომ ვერ მიიღონ ვიზა, მათმა ოჯახებმა ვერ შეძლონ მოგზაურობა ან განათლების მიღება ბრიტანეთსა თუ აშშ-ში, რომ გავუყინოთ ფასიანი ქაღალდები.

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სანქცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჯერ არ გამოგვიყენებია და ეს რუსეთმაც კარგად იცის, არის მისი გაძევება საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან. ეს ქვეყნისთვის იქნება დამანგრეველი. ეს არასდროს გვიქნია, მაგრამ კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯის შემთხვევაში, შეიძლება, გამოყენებული იყოს. პუტინისთვის ეს სანქცია არის საფასური. ვფიქრობ, პუტინს არც კი უფიქრია, რომ ევროპელები სანქციებს დიდი ხანი დაუწესებდნენ. ალბათ კრემლში იფიქრეს, რომ რამდენიმე ქვეყანაზე იმუშავებდნენ, ვიცით ვისზეცაა საუბარი და სანქციები მოიხსნებოდა, თუმცა ფაქტია, ასე არ მოხდა და ისინი პირიქით, გახანგრძლივდა“, – განაცხადა უილიამ ტეილორმა.

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას მან ბუქარესტის სამიტის მთავარ პირობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესია და მისი სამხედრო ყოფნა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში, ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების მთავარ გამოწვევად რჩება.

„საქართველოსა და უკრაინას კარგად ახსოვთ 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გზავნილი, მაშინ „მაპი“ ვერც საქართველომ მიიღო და ვერც უკრაინამ, მაგრამ სამიტის განცხადებაში ჩაიწერა პირობა, რომ ისინი აუცილებლად გახდებიან ნატო-ს წევრები მომავალში, დაუკონკრეტებელ დროს. საქართველოსა და უკრაინის წევრობის სურვილი ცნობილია, იგი კონსტიტუციითაა გაწერილი. სამხედრო წვრთნები არის ნაწილი იმ საქმის, რაც უნდა გაკეთდეს მიზნის მისაღწევად. ვერ გეტყვით, ამ პროცესში თქვენი ქვეყნები უნდა მოიაზრებოდნენ თუ არა ერთად ან ცალ-ცალკე, როდესაც პროცესს დაიწყებთ, მაშინ იქნება ეს გადასაწყვეტი. ცხადია, ნატო-ს არ სურს ისეთი ახალი წევრი, რომელიც მას რუსეთთან დაპირისპირების შანსს უზრდის. თუმცა, ვაშინგტონის ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია წევრობაზე განაცხადის გაკეთება, თუნდაც გამოწვევების მქონეს. კარგი იქნებოდა, რუსები გასულიყვნენ სამხრეთ ოსეთიდან, აფხაზეთიდან, ყირიმიდან თუ დონბასიდან, ეს უფრო მარტივს გახდიდა გაწევრიანებას“, – აღნიშნა უილიამ ტეილორმა.