უკრაინაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი საჯარო დისკუსია მინერალების შეთანხმების პროექტზე ზიანს აყენებს მოლაპარაკებებს და ხელს უშლის ამერიკელ პარტნიორებთან კონსტრუქციული დისკუსიას
უკრაინაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი საჯარო დისკუსია მინერალების შეთანხმების პროექტზე ზიანს აყენებს მოლაპარაკებებს და ხელს უშლის ამერიკელ პარტნიორებთან კონსტრუქციული დისკუსიას

უკრაინამ აშშ-ისგან მინერალების შესახებ შეთანხმების პროექტი მიიღო, რომელიც დამუშავების პროცესშია, – ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

იულია სვირიდენკო აცხადებს, რომ მთავრობა მიზნად ისახავს მიაღწიოს კონსენსუსს აშშ-თან შეთანხმებაზე და თავს იკავებს უფრო ვრცელი კომენტარისგან.

„ეს არის სამუშაო ვერსია, რომელიც არსებითად ასახავს ამერიკული მხარის იურიდიულ პოზიციას. ჩვენ ვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას და ახლა პროცესიც ფორმალიზებულია“, -აღნიშნა მინისტრმა.

სვირიდენკოს თქმით, როდესაც შეთანხმება მიღწეული იქნება, მთავრობა რადას დეპუტატებს მიმართავს.

„საჭირო როდესაც იქნება, ჩვენ აუცილებლად გავივლით კონსულტაციებს უმაღლეს რადაში. ახლა ნებისმიერი საჯარო დისკუსია ამ შეთანხმების ტექსტზე მხოლოდ ზიანს აყენებს მოლაპარაკებებს და ხელს გვიშლის ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან კონსტრუქციული დისკუსიაში“,- განაცხადა სვირიდენკომ.

ცნობისთვის, „ფაინანშიალ თაიმსმა“ და „ბლუმბერგმა“ გაავრცელეს მინერალებზე შეთანხმების პროექტი, რომელიც აშშ-მა უკრაინას 23 მარტს გაუგზავნა. დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ უკრაინა ამ ვერსიას დათანხმდება, ეს აშშ-ს უზარმაზარ უფლებამოსილებას მიანიჭებს უკრაინის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირების კონტროლისა და რესურსების მოპოვების მხრივ.