უკრაინამ რუსეთის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის ქალაქ ენგელსა და ყაზანზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ რუსეთის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის ქალაქ ენგელსა და ყაზანზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა

უკრაინამ რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განახორციელა. რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა ერთ-ერთი სამრეწველო საწარმო. ინფორმაცია დაადასტურა რეგიონის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა, თუმცა არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი ობიექტი დაზიანდა.

„უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად დაზიანებულია სამრეწველო საწარმო ენგელსში. საგანგებო და ოპერატიული სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ“, – განაცხადა ბუსარგინმა.

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხის გამო ენგელსის სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

დრონებით იერიში ასევე განხორციელდა ქალაქ ყაზანზეც. თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რუსტამ მინიხანოვის თქმით, იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქარხანა „ყაზან ორგსიტეზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

„ვიმყოფებოდი ხანძრის ადგილას, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად გაჩნდა. საგანგებო სამსახურები ოპერატიულად მივიდნენ ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად“, – აღნიშნა მინიხანოვმა.

მინიხანოვმა ასევე აღნიშნა, რომ დრონებით თავდასხმას სერიოზული ნგრევა არ გამოუწვევია.