უკრაინამ ღამით რუსეთში რაკეტებისთვის საჭირო ნაწილებისა და სხვა პროდუქციის მწარმოებელ ქარხნებზე თავდასხმა განახორციელა

14:14, 24.10.2026

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის ქალაქ ორიოლში მდებარე საწარმო „პროტონ-ელექტროტექსზე“, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატიში მდებარე საწარმო „ტოლიატიკაუჩუკზე“ და კრასნოდარის მხარეში, ეისკის აეროდრომზე განთავსებულ თვითმფრინავზე თავდასხმა განახორციელეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „პროტონ-ელექტროტექსი“ აწარმოებს კომპონენტებს ფრთოსანი რაკეტის, С-71 „კოვერისა“ და ბალისტიკური რაკეტის, „ისკანდერ-М“-ისთვის. საწარმო ასევე მონაწილეობს საზენიტო-სარაკეტო ქვემეხთა კომპლექს „პანცირ-С1“-ის წარმოებაში.

ქალაქ ტოლიატიში საწარმო „ტოლიატიკაუჩუკზე“ თავდასხმის შემდეგ საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება და ხანძარი იყო. გენერალური შტაბის ცნობით, საწარმო სინთეზურ კაუჩუკსა და სხვა პროდუქციას აწარმოებს, რომელიც რაკეტების წარმოებაში გამოიყენება.

გარდა ამისა, რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ეისკის აეროდრომზე განთავსებული თვითმფრინავი დაზიანდა.

რუსული მხარე ორიოლის ოლქში განხორციელებულ თავდასხმას ადასტურებს. ოლქის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის განცხადებით, ქალაქ ორიოლში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მათი ცხედრები ნანგრევების გაწმენდისას აღმოაჩინეს.

მანამდე რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორიოლის საბჭოთა რაიონში მდებარე ქარხანა სარაკეტო დარტყმის სამიზნე გახდა. თავდასხმის შემდეგ რვა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქარხანაში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. რუსულ მხარეს არ დაუკონკრეტებია, რომელ საწარმოს დაარტყეს.

მსგავსი