უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს, რის შედეგადაც 144 უკრაინელი ტყვე, მათ შორის „აზოვსტალის“ 95 დამცველი გათავისუფლდა
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს, რის შედეგადაც 144 უკრაინელი ტყვე, მათ შორის „აზოვსტალის“ 95 დამცველი გათავისუფლდა

ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ პირველად ქარხანა „აზოვსტალის“ დამცველები დაიბრუნა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას.

„განხორციელდა პატიმართა მორიგი გაცვლა, რის შედეგადაც 144 უკრაინელი დამცველი დაბრუნდა სახლში. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გათავისუფლებული 144 პირიდან – 95 „აზოვსტალის“ დამცველია, მათ შორის არის „აზოვის“ პოლკის 43 სამხედრო მოსამსახურე“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

უწყების ცნობით, ყველა მათგანს სათანადო გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება გაეწია.

დატოვე კომენტარი