უკრაინამ და პორტუგალიამ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს
უკრაინამ და პორტუგალიამ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და პორტუგალიამ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული შეთანხმება ლისაბონში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, ლუის მონტენეგროს შორის გაფორმდა.

შეთანხმების თანახმად, პორტუგალია უკრაინას მიმდინარე წელს, სულ მცირე, 126 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს.

„უკრაინა და პორტუგალია კოორდინაციას მოახდენენ და განაგრძობენ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პორტუგალია გახდა მე-12 ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებას უკრაინასთან გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის, დანიის, კანადის, იტალიის, ნიდერლანდების, ფინეთის, ლატვიის, ესპანეთისა და ბელგიის შემდეგ.