უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს თავდაცვის საჭიროებებისთვის გამოყოფილ სამი მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება
უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს თავდაცვის საჭიროებებისთვის გამოყოფილ სამი მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება

უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან თავდაცვის საჭიროებებისთვის სამი მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს მიიღებს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

სესხის შესახებ შეთანხმებას უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ და გაერთიანებული სამეფოს ხაზინის კანცლერმა, რეიჩელ რივზმა მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.

ფულის გამოყოფა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების Extraordinary Revenue Acceleration for Ukraine (ERA) მექანიზმის ფარგლებში მოხდება, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის კრედიტის გამოყოფას ითვალისწინებს. კრედიტის მომსახურება და დაფარვა გაყინული რუსული სუვერენული აქტივებიდან სამომავლო შემოსავლით მოხდება.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ მექანიზმის ფარგლებში უკრაინამ უკვე მიიღო მილიარდი დოლარი აშშ-ისგან და 3 მილიარდი დოლარი ევროკავშირისგან.