უკრაინა სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტში რუსეთის შუამავლის როლს უბადრუკს უწოდებს
უკრაინა სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტში რუსეთის შუამავლის როლს უბადრუკს უწოდებს

უკრაინა სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირებისკენ მოუწოდებს და რუსეთის შუამავლის როლს უბადრუკს უწოდებს.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა მოუწოდებს ბაქოსა და ერევანს კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარებისკენ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, კერძოდ, პატივი სცენ სახელმწიფოთა სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ამავდროულად, ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან რაიმე შუამავლობისა და სამშვიდობო ძალისხმევის უბადრუკობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის უუნარობას ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე მოუწოდა უკრაინელებს, თავი შეიკავონ მთიან ყარაბაღში ვიზიტისგან, ხოლო მათ, ვინც უკვე იმყოფებიან რეგიონში, თავი აარიდონ სამხედრო აქტივობის ადგილებს.