უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობამ დღეს მიიღო.
„რუსული იმპორტის აკრძალვა დაბლოკავს მინიმუმ 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყოველწლიურ შემოსავალს. ეს ნიშნავს, რომ მტრის ბიუჯეტი არ მიიღებს ამ თანხებს, ის ვერ გამოიყენებს მათ ომის დასაფინანსებლად. ჩვენ დღეს ეს იურიდიულად დავაფიქსირეთ, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით“, – განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ.
რუსული წარმოების პროდუქციაზე ემბარგოს დაწესების შესახებ უკრაინის უმაღლეს რადაშიც განაცხადეს.
„რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სავაჭრო ემბარგო დაწესდა. რუსეთის ფედერაციიდან უკრაინის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის იმპორტი აკრძალულია“, – განაცხადა უმაღლეს რადაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა, ტარას მელნიჩუკმა.
ამასთან, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა შეთანხმება ბელარუსთან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.