უკრაინა ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
უკრაინა ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელმა, ტარას კაჩკამ განაცხადა. მისი თქმით, კიევი საჩივარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეიტანს. კაჩკას თქმით, უკრაინისთვის მიუღებელია პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გადაწყვეტილება, გაახანგრძლივონ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ამ ქვეყნებში იმპორტის აკრძალვა.

„ჩემი აზრით, მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, როგორ ექცევიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები სავაჭრო პარტნიორებს და საკუთარ კავშირს, რადგანაც ამან შეიძლება, გავლენა იქონიოს სხვა სახელმწიფოებზეც“, – აცხადებს „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ტარას კაჩკა.

პოლონეთის, უნგრეთი და სლოვაკეთი არ ეთანხმებიან ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში იმპორტის აკრძალვა უნდა მოიხსნას. აღნიშნული ქვეყნები უკრაინულ პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას ინდივიდუალურად გეგმავენ.

„ჩვენი აზრით, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ქმედებები არის უნდობლობის გამოცხადება ევროკომისიისადმი. მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ევროკომისია წარმოადგენს იმ ინსტიტუტს, რომელიც სავაჭრო მოლაპარაკებებს აწარმოებს და სავაჭრო პოლიტიკას ადგენს მთელი ევროკავშირისთვის. ჩვენ ამ მიდგომის საფუძველზე ვმუშაობთ. ბუდაპეშტისა და ვარშავის სისტემური მიდგომა, რომლებიც სავაჭრო პოლიტიკაში ევროკავშირის ინსტიტუტების იგნორირებას ახდენენ, ვფიქრობ, პრობლემური იქნება ევროკავშირისთვის, რადგან იქ ერთიანობა არ არის“, – განაცხადა უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელმა.