უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება მიიღეს
უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება მიიღეს

ევროკავშირი აღიარებს უკრაინის მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების პროცესში, – აღნიშნულის შესახებ ნათქვამია უკრაინა-ევროკავშირის 23-ე სამიტის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში.

„ჩვენ ვაღიარებთ უკრაინის მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების პროცესში და ვთანხმდებით ამ ძალისხმევის მეტად გაძლიერების აუცილებლობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი მიესალმება უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის გახსნას, აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სასამართლო სისტემისა და მოსამართლეთა სტატუსის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანას, რაც ხელს უწყობს უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის მუშაობის აღდგენას.

„ჩვენ ხაზი გავუსვით ამ რეფორმების სწრაფად განხორციელების აუცილებლობას და საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმას. ჩვენ აგრეთვე მივესალმებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის აღდგენას ქონების არაზუსტი დეკლარირების გამო“, – ნათქვამია ტექსტში.

ევროკავშირმა, ასევე, ხაზი გაუსვა უკრაინის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას, რათა ოფიციალურმა კიევმა უზრუნველყოს ანტიკორუფციული და სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზე დეპოლიტიზებული შერჩევის პროცესის გატარების კუთხით.
ამასთან, როგორც აღინიშნა, ევროკავშირმა, აგრეთვე, დაადასტურა თავისი მხარდაჭერა უკრაინის ძალისხმევის მიმართ, რომელიც ფართომასშტაბიან რეფორმებს ეხება, განსაკუთრებით სასამართლო სისტემასა და კორუფციასთან ბრძოლაში.