უკრაინა 17 მარტიდან ავიამიმოსვლას მთლიანად წყვეტს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საგანგებო ვიდეომიმართვაში გააკეთა. ვლადიმირ ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინის მოქალაქეებს, სამი დღის განმავლობაში დაბრუნდნენ სამშობლოში.
„სამ დღეში ჩვენ ვაჩერებთ რეგულარულ ავიამიმოსვლას. სამ დღეში თქვენ უნდა დაბრუნდეთ სახლში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის იმ მოქალაქეებმა, ვინც სამშობლოში დაბრუნებას ობიექტური მიზეზებით ვერ შეძლებენ, აუცილებლად უნდა მიმართონ უკრაინის საკონსულოებს და საელჩოებს, სადაც ისინი იმყოფებიან. ასეთ შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლება ასეთი მოქალაქეების სხვა ქვეყნებიდან გამოსაყვანად სპეცრეისებს დანიშნავს.
მისივე თქმით, შაბათსა და კვირას მსგავსი სპეცრეისებით სამშობლოში დაბრუნდებიან იტალიაში და სლოვენიაში მყოფი უკრაინის მოქალაქეები.
ზელენსკის განცხადებით, 16 მარტს ასევე ძალაში შევა განკარგულება, რომლითაც უკრაინაში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შესვლა აიკრძალება. გამონაკლისის დაიშვება დიპლომატებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული ზომები პირველ ეტაპზე ორი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში.
მისივე თქმით, უკრაინის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 100 მილიონი ჰრივნა, რომელიც ინდივიდუალური პირების დაცვის საშუალებების წარმოებას მოხმარდება. საჭიროების შემთხვევაში, ასევე გამოიყოფა 500 მილიონი ჰრივნა, რაც სამედიცინო დახმარების შეძენაზე დაიხარჯება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტი იწყებს მუშაობას, რათა კორონავირუსის 200 ათასი ტესტი დაამზადოს. უკრაინის რეგიონებში გაიხსნება მოძრავი საველე ლაბორატორიები.
უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა მოქალაქეებს, სახლებში დარჩნენ და ჰიგიენა დაიცვან.
„ჩვენ ვერ დაგვამარცხა ფრინველის, ღორის, ესპანურმა გრიპმა. ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერი კარგად იქნება. გისურვებთ 36,6-ს“, – განაცხადა მიმართვის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა.