უხვი ნალექის გამო ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები განვითარდა
უხვი ნალექის გამო ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები განვითარდა

მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექის შედეგად ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები განვითარდა.

ქედის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარემ წონიარისი-კანტაური-ტიბეთას საავტომობილო ხიდს ბურჯი გამოაცალა, რის გამოც მოძრაობა შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.

ხულოში, სოფელ საციხურში ადიდებულმა მდინარემ დააზიანა დიდაჭარა-საციხური-გელაურის საავტომობილო გზა, რომლითაც ხუთი სოფელი სარგებლობს.

უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტშიც.

ძლიერი წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ბრილში საცხოვრებელ სახლებთან. მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა ასევე შიდა სასოფლო გზებზე.

აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკით იწმინდება გზები, მუშაობენ სტიქიის სალიკვიდაციო შტაბები. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.