უხვგოლიანი შეხვედრა ივანწმინდაში – „ჩიხურამ“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა [ვიდეო]
საჩხერეს „ჩიხურამ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე გამართულ ამ შეხვედრაში სტუმრებს თავიდან არ გაუმართლათ: 30-ე წუთზე „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა, თემურ შონიამ პენალტი ვერ გამოიყენა – მეკარე დინო ჰამზიჩმა ბურთი გააქვავა და სწრაფად წამოიწყო შეტევა, რომელიც საპასუხო პენალტით დასრულდა, საჯარიმო კი, 33-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ კარგად შეასრულა და საჩხერელები დააწინაურა – 1:0. „ლოკომოტივმა“ წონასწორობა მალე აღადგინა. 37-ე წუთზე, თანაგუნდელთა შეტევა ირაკლი სიხარულიძემ დააგვირგვინა და ანგარიში გათანაბრდა – 1:1.
მეორე ტაიმი საჩხერელებმა კარგად დაიწყეს – 49-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა „ჩიხურა“ დააწინაურა. 75-ე წუთზე კი, ირაკლი ლექვთაძემ ეფექტური გოლით საჩხერელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა 3:1. „ლოკომოტივმა“ მატჩის ბოლოს მთელი ძალებით შეუტია, მაგრამ მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხა – საბოლოო ანგარიში თემურ შონიამ დააფიქსირა და „ჩიხურამ“ ორთვიანი პაუზის შემდეგ მოიგო შედეგით – 3:2.
„ჩიხურა“ – „ლოკომოტივი“ 3:2
გოლები: 1:0 კორიფაძე (33. პ), 1:1 სიხარულიძე (37), 2:1 სარდალიშვილი (49), 3:1 ლექვთაძე (75), 3:2 (90+3)
25 ტურის შემდეგ „ჩიხურამ“ 31 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზეა, „ლოკომოტივმა“ (36) კი, წაგების მიუხედავად მეოთხე პოზიცია შეინარჩუნა.