„ფროზინონე“ გიორგი კვერნაძეს გაუმჯობესებული პირობებით ახალ კონტრაქტს სთავაზობს #1TVSPORT

11:10, 04.11.2026

„ფროზინონე“ გიორგი კვერნაძეს ხელფასის ხუთჯერ გაზრდას სთავაზობს, რათა ქართველი ფეხბურთელი კლუბში შეინარჩუნოს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამჟამად ქართველი თავდამსხმელი იტალიურ კლუბში წელიწადში დაახლოებით 200 000 ევროს იღებს, „ფროზინონე“ კი მზადაა, კონტრაქტის გახანგრძლივების მიზნით მისი წლიური ხელფასი მილიონ ევრომდე გაზარდოს.

„არსებობს თუ არა რეალური საფრთხე, რომ გიორგი კვერნაძემ იანვარში „ფროზინონე“ დატოვოს? ამ საკითხში განსაკუთრებული მნიშვნელობა ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტის პირობებს ენიჭება.

ახალგაზრდა ფეხბურთელი „ფროზინონეში“ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, კლუბი კი მზადაა, მას ხელფასი მნიშვნელოვნად გაუზარდოს. ახალი შეთავაზების თანახმად, კვერნაძის ანაზღაურება დაახლოებით ხუთჯერ გაიზრდება და სეზონში მილიონ ევროს მიაღწევს.

ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მან უნდა შეაფასოს შეთავაზება და გადაწყვიტოს, სურს თუ არა კარიერის გაგრძელება „ყვითელ-ლურჯების“ რიგებში.

მომდევნო რამდენიმე კვირა, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. თუ მხარეები იანვრამდე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, არ არის გამორიცხული, ქართველი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სხვა კლუბში გადავიდეს“, – წერს Tuttomercatoweb-ი.

მსგავსი