ვლადიმერ კონსტანტინიდი - საქართველოს საელჩოები უხანიდან ევაკუირებულ ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით მონიტორინგს აგრძელებენ
ვლადიმერ კონსტანტინიდი - საქართველოს საელჩოები უხანიდან ევაკუირებულ ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით მონიტორინგს აგრძელებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, ქალაქ უხანიდან საფრანგეთში გუშინ საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

მისივე თქმით, ისინი ამჟამად საფრანგეთის ერთ-ერთ დაწესებულებაში იმყოფებიან, სადაც ორი კვირის განმავლობაში საკარანტინო რეჟიმში გაივლიან სამედიცინო დაკვირვებას.

„გუშინ განხორციელდა დამატებით საქართველოს ორი მოქალაქის ევაკუაცია ქალაქ უხანიდან საფრანგეთში, ისინი ამჟამად იმყოფებიან საფრანგეთის ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც ორი კვირის განმავლობაში საკარანტინო რეჟიმში გაივლიან სამედიცინო დაკვირვებას“,- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პირებს კორონავირუსის მსგავსი სიმპტომი არ აღენიშნებათ.

„ბორტზე ასვლამდე, მათ როგორც ჩინეთის მხარემ, ასევე საფრანგეთში ჩასვლისთანავე ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და ამ დროისათვის კორონავირუსის რაიმე ფაქტი ან სინდრომი არ გამოვლენილა. ასევე გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს ბორტზე მყოფ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდათ კორონავირუსის სიმპტომები, ჩვენი საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნულ მგზავრებს არ დაუდასუტურდათ კორონავირუსის არსებობა და ისინი დაბრუნებული არიან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში“,- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

კონსტანტინიდი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ადგილზე ჩვენი საელჩო საფრანგეთში ახორციელებს მონიტორინგს. ასევე გუშინწინ, განხორციელებული ევაკუაციის შემდეგ, როდესაც ჩვენი სამი მოქალაქე თურქულმა მხარემ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ისინი თავს კარგად გრძნობენ, ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და მათი ჯანმრთელობის მდგომარება დამაკმაყოფებელია, კორონავირუსის სიმპტომები ამ შემთხვევაშიც არ იქნა აღმოჩენილი“,- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ვლადიმერ კონსტანტინიდის განმარტებით, საქართველოს საელჩოები საფრანგეთსა და თურქეთში აგრძელებენ შესაბამის მონიტორინგს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მიმდინარე რეჟიმში მიავწდიან.