უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერის თანხის სანაცვლოდ გავრცელების საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერის თანხის სანაცვლოდ გავრცელების საქმეზე ბრალდებულ მოქალაქე გოგიტა დალაქიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, გოგიტა დალაქიშვილი ერთ-ერთი პირის უკანონო ჩანაწერის სანაცვლოდ, სამი ათას ლარს ითხოვდა. იგი მოქალაქისგან მოთხოვნილი თანხის აღების დროს დააკავეს.
როგორც მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა გადაწყვეტილების არგუმენტირებისას განაცხადა, საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, არსებობს ბრალდებულის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. სხდომის დახურვის შუამდგომლობა სასამართლოზე დაცვის მხარემ, კერძოდ, ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დააყენა.
რა შინაარსისაა ჩანაწერი, რომლის უკანონოდ მოპოვებასაც ბრალდებულს ედავებიან, ჯერ ისევ უცნობია. როგორც ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, მას გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი, შესაბამისად ბრალდებულის დამცველი საქმის მასალებზე არ საუბრობს. მისი თქმით, აღკვეთთან დაკავშირებით სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 მარტს 13 საათზე ჩაინიშნა.
კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების მცდელობის ბრალდებით შსს-მ გოგიტა დალაქიშვილი 25 იანვარს დააკავა.