უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა
უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კვლავ დაპირისპირება მოხდა. არეულობის მონაწილეებმა სამართალდამცველებს პიროტექნიკა, წყლის ბოთლები და სხვა საგნები ესროლეს.
პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტებმა რამდენიმე შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებამდე რამდენიმე საათით ადრე, უისკონსინის გუბერნატორმა, ტონი ევერსმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კენოშაში წესრიგის აღსადგენად ეროვნული გვარდიის დამატებითი დანაყოფების განთავსების შესახებ განაცხადა.
არეულობა კენოშაში უკვე მესამე ღამეა, გრძელდება. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ უბანში გამოძახებაზე მისულმა პოლიციამ შავკანიან 29 წლის ჯეიკობ ბლეიკს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ბლეიკი ექვსი შვილის მამაა. აღსანიშნავია, რომ დაჭრილი მამაკაცის დედამ გუშინ საპროტესტო აქციის მონაწილეებს საჯაროდ მიმართა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.