უიმბლდონის ნახევარფინალში ჯოკოვიჩი და ნადალი ​შეხვდებიან 
უიმბლდონის ნახევარფინალში ჯოკოვიჩი და ნადალი ​შეხვდებიან 

უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის ნახევარფინალში სუპერწყვილი ჩამოყალიბდა. ხუთი სეტის თამაში მოუწია ესპანელ რაფაელ ნადალს, რომელმაც მოახერხა არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან დრამატულ ბრძოლაში ნახევარფინალში გაღწევა.

მსოფლიოს პირველ ჩოგანს სტარტი კარგი გამოუვიდა: პირველ სეტში მხოლოდ მას ჰქონდა ბრეიკ-პოინტები და მეოთხე ცდაზე მიაღწია საწადელს. მეორე სეტში რაფამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სეტებში 2:0 დაწინაურებულიყო – სეტზე არ ჩააწოდებინა მეტოქეს და ოთხი სეტბოლი მიიღო ტაი-ბრეიკზე, მაგრამ დელ პოტრომ პატარა სასწაული მოახდინა და შეძლო სეტებში ანგარიშის გათანაბრება.

მესამე პარტიაშიც საქმე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა, როცა მეათე გეიმში არგენტინელმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, რომელიც თან სეტბოლიც იყო და დელ პოტრო სეტებში წინ გავიდა. ნადალმა მეოთხე სეტიდან დაიბრუნა ინიციატივა და ეს პარტია ერთადერთი ბრეიკით მოიგო. იგივე მოხდა მეხუთე სეტში, ოღონდ, როცა მეხუთე გეიმში ნადალმა ბრეიკი შეასრულა, დელ პოტროს ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა პასუხის გასაცემად, მაგრამ რაფაელმა ყველა სიტუაციაში დაიძვრინა თავი და მოიგო 4 საათი და 52 წუთის შემდეგ – 7:5, 6:7(7), 4:6, 6:4, 6:4.

ნადალი მეექვსედ ითამაშებს უიმბლდონის ფინალში და იქ შეხვდება ნოვაკ ჯოკოვიჩს. სერბმა ამ ტურნირზე მეორედ წააგო სეტი, თუმცა, საერთო ჯამში, ნოვაკს დიდი პრობლემები არ შექმნია იაპონელ კეი ნიშიკორისთან მატჩში – 6:3, 3:6, 6:2, 6:2. აზიელი ბევრს იბრძოდა, მეორე პარტიაში შეძლო ოთხი ბრეიკ-პოინტის მოგერიება და სეტის მოგება, მეოთხე პარტიაში ბრეიკით წინ გასვლაც მოახერხა, მაგრამ ჯოკოვიჩმა დაამტკიცა, რომ თითქმის ბოლომდე დაიბრუნა ოპტიმალური ფორმა და ტურნირის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
ჯოკოვიჩი და ნადალი 52-ედ შეხვდებიან ერთმანეთს. სერბი წინ არის მინიმალური ანგარიშით – 26:25.

კაცები
1/4 ფინალი
ანდერსონი (ს. აფრ, 8)-ფედერერი (შვეიც, 1) 2:6, 6:7(5), 7:5, 6:4, 13:11
ისნერი (აშშ, 9)-რაონიჩი (კან, 13) 6:7(5), 7:6(7), 6:4, 6:3
ჯოკოვიჩი (სერ, 12)-ნიშიკორი (იაპ, 24) 6:3, 3:6, 6:2, 6:2
ნადალი (ესპ, 2)-დელ პოტრო (არგ, 5) 7:5, 6:7(7), 4:6, 6:4, 6:4
1/2 ფინალი
ანდერსონი (ს. აფრ, 8)-ისნერი (აშშ, 9)
ჯოკოვიჩი (სერ, 12)-ნადალი (ესპ, 2).