უიმბლდონის მესამე წრეში შეწყდა იგა შვიონტეკის 37-მატჩიანი მოგებების სერია #1TVSPORT
ფრანგმა ჩოგბურთელმა ალიზ კორნემ შეწყვიტა მსოფლიოს პირველი ჩოგანის, პოლონელი იგა შვიონტეკის 37-მატჩიანი მოგებების სერია. 32 წლის კორნემ უიმბლდონის მესამე წრეში 6:4, 6:2 მოუგო რეიტინგის ლიდერს და 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდა ამ ტურნირის მერვედფინალში.
შეხვედრა 93 წუთი გაგრძელდა. პირველი სეტის წაგების შემდეგ, შვიონტეკს ჰქონდა თამაშის შემობრუნების შანსი, როცა 2:0 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ ზედიზედ ექვსი გეიმი და მასთან ერთად მატჩი წააგო. პოლონელმა 33 უნებლიე შეცდომა დაუშვა, კორნეს კი მხოლოდ შვიდი შეცდომა ჰქონდა.
შვიონტეკის 37-მატჩიანი წაუგებელი სერია ხანგრძლივობით მეხუთეა ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში. უფრო გრძელი სერიები ჰქონდათ: კრის ევერტს (55), მარგარეტ კორტს (57), შტეფი გრაფსა (66) და მარტინა ნავრატილოვას (74).