უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირზე მეორე ფინალისტი გამოვლინდა. როჯერ ფედერერმა თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, ესპანელ რაფაელ ნადალს ოთხი სეტში მოუგო – 7:6(3), 1:6, 6:3, 6:4. შეხვედრა სამი საათი და ხუთი წუთი გაგრძელდა.
პირველი სეტი უბრეიკო იყო. ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ფედერერს ჰქონდა, მაგრამ შვეიცარიელმა ეს შანსი ვერ გამოიყენა. ტაი-ბრეიკზე ნადალი მინი-ბრეიკით 3:2-ს იგებდა, მაგრამ ფედერერმა ზედიზედ ხუთი ქულა და მასთან ერთად სეტი მოიგო.
მეორე სეტი როჯერმა უცნაურად ჩააგდო. მას შეეძლო თავად გასულიყო წინ ბრეიკით, მაგრამ ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, ნადალმა კი ორი ასეთი შანსი ხელიდან არ გაუშვა, ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და გაანადგურა მეტოქე მეორე პარტიაში.
მესამე სეტში და მთლიანად მატჩში გარდამტეხი მომენტი იყო ფედერერის ბრეიკი მეოთხე გეიმში. ნადალს შეეძლო უკუბრეიკით პასუხი, მაგრამ მომდევნო გეიმში სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ფედერერმა ყველა თავისი გეიმი შეინარჩუნა და ისევ გავიდა წინ სეტებში.
აშკარად ჩანდა, რომ შვეიცარიელი მთლიანად აკონტროლებდა თამაშს. მის გეიმებში ბრძოლა თითქმის არ იყო, ნადალს კი ძალიან უჭირდა თავისი გეიმების აღება. მეოთხე სეტში ერთხელ ეს ვერ შეძლო და მეტოქე ბრეიკით წინ გაუშვა. ფედერერს საკუთარი გეიმების შენარჩუნება სჭირდებოდა ფინალში გასასვლელად. მან ეს ამოცანა შეასრულა, ოღონდ ესპანელი გაუძალიანდა – შვეიცარიელს ხუთი მატჩბოლი დასჭირდა ფინალის საგზურის მოსაპოვებლად.
ფინალში ფედერერი ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება, რომელთანაც მარცხდება ურთიერთ შეხვედრებში – 22:25. ფინალი კვირას გაიმართება.