ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა უიმბლდონზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მეოთხედფინალში მან ოთხ სეტში დაამარცხა კეი ნიშიკორი – 4:6, 6:1, 6:4, 6:4, რითაც უიმბლდონზე მე-100 მოგება იზეიმა. როჯერი მეცამეტედ ითამაშებს ლონდონის “მეიჯორის” ნახევარფინალში, რაც აბსოლუტური რეკორდია კაცებს შორის.
ფედერერი პირველი ჩოგბურთელია ისტორიაში, ვისაც “დიდი სლემის” ერთ ტურნირზე 100 მატჩი მოუგია. ასეთ შედეგთან ყველაზე ახლოს ამერიკელი ჯიმი კონორსი იყო, რომელსაც აშშ-ის ღიაზე 98 მოგება დაუგროვდა. ავსტრალიის ღიას რეკორდსმენია ფედერერი – 97 მოგება, როლან გაროსის ნადალი – 93.
როჯერი ნიშიკორისთან მეოთხედფინალს ზედიზედ 12 სეტის მოგებით შეხვდა, მაგრამ ეს სერია პირველივე პარტიაში შეწყდა, რომელშიც იაპონელს ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ფედერერს მხოლოდ ერთი. ნიშიკორიმ შეძლო ერთი ბრეიკის შეასრულება და ამის ხარჯზე სეტებში დაწინაურება.
ამის შემდეგ, ფედერერი დიდ უპირატესობას დაეუფლა. მომდევნო სამ პარტიაში მან ერთადერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა ნიშიკორის, რაც იაპონელმა ვერ გამოიყენა, როჯერმა კი ამ პარტიებში 13-დან ოთხი ბრეიკ პოინტის გამოყენება შეძლო. შვეიცარიელმა 55 “ვინერსით” დაასრულა მატჩი, თუმცა, უნებლიე შეცდომებიც ბევრი ჰქონდა – 32.