ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ხუთშაბათს მეორე წრის შეხვედრას ჩაატარებს ბრიტანელი დანიელ ევანსის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოს 61-ე ჩოგანია. მან პირველ წრეში არგენტინელი ფედერიკო დელბონისი დამაჯერებლად, სამ სეტში დაამარცხა – 6:3, 7:6, 6:3.
ევანსისთვის ეს იყო ამ სეზონზე ბალახის კორტებზე მე-13 მოგება. ბრიტანელი უიმბლდონისთვის ჩელენჯერის ტურნირებზე ემზადებოდა და ამ სერიის ზედიზედ ორი ტურნირი მოიგო – სარბიტონსა და ნოტინგემში. გარდა ამისა, გასულ კვირას, ისტბურნში ATP-ის ტურნირზე მეოთხედფინალამდე მიაღწია.
ევანსს უიმბლდონზე საუკეთესო შედეგი 2016 წელს ჰქონდა, როცა მესამე რაუნდამდე (1/16 ფინალი) მიაღწია.
ბასილაშვილმა პირველ წრეში ასევე ბრიტანელი ჯეიმს უორდი დაამარცხა ხუთ სეტში – 2:6, 4:6, 6:4, 6:4, 8:6. აღსანიშნავია, რომ ქართველი მესამე სეტსაც ბრეიკით აგებდა და შეძლო თამაშის შემოტრიალება. ნიკამ ამ მოგებით შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია.
ბასილაშვილი და ევანსი არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს პროფესიულ ტურში. ბუკმეიკერების ფავორიტი ევანსია – მის მოგებაზე კოეფიციენტია 1.3.
მატჩი თბილისის დროით 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.