უილიამ ბერნსი - ჩემი გამოცდილებით, პუტინი არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ შურისძიება ცივად მისართმევი საუკეთესო კერძია, ამიტომ გამიკვირდება, თუ პრიგოჟინი შურისძიებას გადაურჩება
უილიამ ბერნსი - ჩემი გამოცდილებით, პუტინი არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ შურისძიება ცივად მისართმევი საუკეთესო კერძია, ამიტომ გამიკვირდება, თუ პრიგოჟინი შურისძიებას გადაურჩება

პუტინმა შესაძლოა, შური იძიოს „ვაგნერის“ დამფუძნებელზე, ევგენი პრიგოჟინზე, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს, დრო მოიგოს, რათა შეიმუშაოს გეგმა, როგორ იძიოს შური ევგენი პრიგოჟინზე“, – განაცხადა ბერნსმა.

მისივე თქმით, პრიგოჟინის ამბოხმა პუტინის ძალაუფლების სისტემაში მნიშვნელოვანი სისუსტეები გამოავლინა.

„ჩემი გამოცდილებით, პუტინი არის ადამიანი, რომელიც, ზოგადად, ფიქრობს, რომ შურისძიება არის კერძი, რომელიც საუკეთესოდ მიირთმევა ცივად. ამიტომ გამიკვირდება, თუ პრიგოჟინი გადაურჩება შემდგომ შურისძიებას“, – განაცხადა ბერნსმა.

ბერნსის თქმით, ამბოხი იყო ყველაზე პირდაპირი თავდასხმა, რომელიც პუტინს უნახავს 23 წლის გამავლობაში, მათ შორის პრიგოჟინი უშუალოდ დაუპირისპირდა კრემლის არგუმენტებს  უკრაინაში ომის გამართლების თაობაზე, როდესაც განაცხადა, რომ ისინი სიცრუეზე იყო აგებული.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არსებობს „ვაგნერის“ დამფუძნებლის მოწამვლის საშიშროება. „მე რომ პრიგოჟინი ვიყო, ფრთხილად დავაკვირდებოდი, რას მივირთმევ და ყურადღებით ვადევნებდი თვალს ჩემს მენიუს“, – განაცხადა ბაიდენმა.