უფროსკლასელებისთვის კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“ იმართება
უფროსკლასელებისთვის კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“ იმართება

კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“ ოფიციალურად გაიხსნა. კონკურსი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობს X, XII კლასის 750-მდე მოსწავლე მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ვწერ თავისუფალ თემას“ იმართება სკოლა „ლოგოსის“ დამფუძნებლისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის გია მურღულიას იდეითა და ინიციატივით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU)-ს ეგიდითა და სპონსორობით, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციისა და ასევე პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ჩართულობით.

სეუ-ს ინფორმაციით, კონკურსი ტარდება ორ ტურად. პირველ და ფინალურ ტურში მონაწილეებს ეძლევათ 10 სათაური, რომელთაგან უნდა შეარჩიონ მხოლოდ ერთი და დაწერონ თავისუფალი თემა. სათაურები შეიძლება, შეეხოს ლიტერატურას, რელიგიას, ისტორიას, ფილოსოფიას, ხელოვნებას.

კონკურსანტთა ნაშრომებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც მოწვეული არიან მასწავლებლები, მწერლები, პუბლიცისტები, ხელოვნებათმცოდნეები, ფილოსოფოსები, ისტორიკოსები. ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო მოსწავლეები გადადიან მეორე (ფინალურ) ტურში, რომელიც 28 მაისს გაიმართება.

„კონკურსის შედეგად გამოვლინდება 10 გამარჯვებული, რომელთაგან განისაზღვრება:

სამი „საუკეთესო“ (I, II და III ადგილი)
სამი „გამორჩეული“ (IV – VI ადგილი)
ოთხი „წარჩინებული“ (VII – X ადგილი)

სამი „საუკეთესო“ თხზულების ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრიზებით:

პირველი ადგილი: 1 000 ლარი
მეორე ადგილი: 600 ლარი
მესამე ადგილი: 300 ლარი

გამორჩეულ და წარმატებულ კონკურსანტებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო კონკურსის 10 გამარჯვებულის სკოლებს – სპეციალური დიპლომები. კონკურსის ფინალურ ტურში მონაწილე ყველა კონკურსანტი მიიღებს სპეციალურ სერტიფიკატს“, – აღნიშნულია სეუ-ს ინფორმაციაში.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის კამპუსში 4 ივნისს.

კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პირველი არხი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.