უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალისა და რამდენიმე ძეგლის ტერიტორია 26 მაისს, 13:00 საათამდე  ვიზიტორებისთვის დაკეტილი იქნება
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალისა და რამდენიმე ძეგლის ტერიტორია 26 მაისს, 13:00 საათამდე  ვიზიტორებისთვის დაკეტილი იქნება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ 26 მაისს, დილიდან 13:00 საათამდე უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალისა და კიდევ რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორია ვიზიტორებისთვის დაკეტილი იქნება.

სააგენტოს ინფორმაციით, დროებითი შეზღუდვა 26 მაისს დაგეგმილ ფიცის დადების ცერემონიას უკავშირდება.

„26 მაისს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორებისთვის 13:00 საათიდან გაიღება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარის ტერიტორია, ტექნიკურ-საორგანიზაციო საკითხებიდან გამომდინარე, დილიდან სრულად სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაეთმობა, რომელიც 12:00 საათიდან დაიწყება და ერთ საათს გასტანს“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ცერემონიის დასრულების შემდეგ, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორების მომსახურებას კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

ამასთან, როგორც სააგენტო აცხადებს, 26 მაისს სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონია უფლისციხის პარალელურად, გრემის მონასტრის, ანანურის სამონასტრო კომპლექსისა და მრავალძალის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზეც წარიმართება.

„შესაძლო შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მოქალაქეებს, უცხოელი ვიზიტორების ჯგუფებს, ტურისტულ კომპანიებსა და სხვა მსურველ სუბიექტებს 26 მაისის 13:00 საათამდე აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ვიზიტისაგან თავის შეკავებას სთხოვს“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებაში.

დატოვე კომენტარი