უფლისციხეში ქართულ-გერმანულმა დასმა პრემიერა გამართა
უფლისციხეში ქართულ-გერმანულმა დასმა პრემიერა გამართა

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ქართულ-გერმანული მუსიკალური თეატრის საპრემიერო ჩვენებები დაიწყო. თეატრალური წარმოდგენა მაყვლოვანის თეატრონის სცენაზე შედგა.

სპექტაკლ „პრობლემური ვახტანგურის“ საპრემიერო ჩვენებები უფლისციხეში მომდევნო სამი დღის განმავლობაში გაიმართება. ამის შემდეგ, ქართულ-გერმანული დასი წარმოდგენების გასამართად დიუსელდორფში გაემგზავრება, სადაც 3 ოქტომბერს კაისერპლაცზე დიუსელდორფის თეატრის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. 6 ოქტომბერს კი წარმოდგენა ფრანკფურტში, არქეოლოგიურ მუზეუმში გაიმართება.

პიესა ლაშა ბუღაძისა და კლაუდია რუშის ავტორობით, რომლის რეჟისორი ფრანკ შულცია, მუსიკალურად ქართულ-გერმანული ტანდემის, კომპოზიტორების – ვოლფგანგ მიტერერისა და იოსებ ბარდანაშვილის მიერაა გაფორმებული. სპექტაკლი სამწლიანი შემოქმედებითი მუშაობის შედეგია, რომელიც თეატრ კონტრა-პუნქტისა და ორგანიზაცია „ხელოვნების განვითარება საქართველოშის“ თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა.

ქართულ-გერმანული მუსიკალური სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პარტნიორობისა და დაფინანსების საფუძველზე ხორციელდება. თეატრალური წარმოდგენები მაყვლოვანის თეატრონის სცენაზე სააგენტოს საზოგადოებრივი კლუბის „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ეგიდით მიმდინარეობს, რაც მისი მთავარი დანიშნულების პარალელურად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების კულტურული აქტივობებით დატვირთვასაც გულისხმობს.