უფლებადამცველმა მარიამ ჯიშკარიანმა 2005 წელს მის მიმართ იუსტიციის მინისტრის ბრალდებებზე სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო
უფლებადამცველმა მარიამ ჯიშკარიანმა 2005 წელს მის მიმართ იუსტიციის მინისტრის ბრალდებებზე სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო

უფლებადამცველმა მარიამ ჯიშკარიანმა სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მარიამ ჯიშკარიანის საქმესთან დაკავშირებით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლი – პირადი ცხოვრების უფლება.

კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წელს მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა კოტე კემულარიამ მარიამ ჯიშკარიანს უსაფუძვლოდ დასწამა ცილი. საუბარია 13 წლის წინანდელ მოვლენებზე, როდესაც ყოფილმა მინისტრმა უფლებადამცველი კორუფციაში საჯაროდ დაადანაშაულა.

კერძოდ, კოტე კემულარია აცხადებდა, რომ მარიამ ჯიშკარიანი პატიმრებისგან ფულს იღებდა ყალბი სამედიცინო დასკვნების სანაცვლოდ.

მარიამ ჯიშკარიანმა სტრასბურგის სასამართლოს 2009 წლის იანვარში მიმართა. სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნულ საქმეზე საქართველოს სასამართლოების შეფასება, რომლის მიხედვითაც, მინისტრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეათე მუხლის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების უფლება იცავდა.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, კონვენცია არ ავალდებულებს პირს, იყოს შემწყნარებელი სამთავრობო მაღალჩინოსნის მხრიდან მის მიმართ ფაქტების წარდგენის გარეშე გამოთქმული ძალიან სერიოზული საჯარო ბრალდებების მიმართ.

„საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ მინისტრის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად ადგილობრივი სასამართლოების მიერ წარდგენილმა საფუძვლებმა გადაწონა მარიამ ჯიშკარიანის რეპუტაციის დაცვის უფლებაა”, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ჯიშკარიანისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 1500 ევროს, ხოლო სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად 1833 ევროს გადახდა დააკისრა.

საქმეზე „ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გამოიტანა.

 

დატოვე კომენტარი