„საერთაშორისო ამნისტია"- საომარი მოქმედებების ეპიცენტრში თურქეთი ლტოლვილებს იძულებით ასახლებდა
„საერთაშორისო ამნისტია"- საომარი მოქმედებების ეპიცენტრში თურქეთი ლტოლვილებს იძულებით ასახლებდა

უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ მონაცემებით, თურქეთის ხელისუფლება ლტოლვილებს სირიის ჩრდილოეთში, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში იძულებით ასახლებდა.

ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნული ინფორმაცია ათობით ლტოლვილის გამოკითხვის შედეგად მიიღეს.

ამასთან, დოკუმენტში განმარტებულია, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე ავტობუსებით დეპორტაციის მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა. დეპორტირებული ლტოლვილების უმეტესობა მამაკაცები არიან.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია იუწყება, რომ დეპორტირებული ლტოლვილების ზუსტი რიცხვი უცნობია. ოფიციალური ანკარა არ უარყოფს, რომ წლების წინ სირიიდან გაქცეული 320 ათასი ადამიანი, რომლებმაც თავი თურქეთს შეაფარეს, სირიაში დაბრუნდნენ. თუმცა თურქეთის ხელისუფლება იუწყება, რომ ეს ნებაყოფლობითი დაბრუნება იყო.

„საერთაშორისო ამნისტიის“ ანგარიშში კი გამოყენებულია გამოკითხული ლტოლვილების ინტერვიუები, სადაც ისინი ამბობენ, რომ სირიაში დაბრუნების დოკუმენტზე ხელის მოწერის მიზნით თურქი სამართალდამცველები მათ ემუქრებოდნენ და ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ, გარკვეულ შემთხვევებში აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის მოწერას მოტყუებით აიძულებდნენ. სამართალდამცველები მათ ეუბნებოდნენ, რომ ის სარეგისტრაციო დოკუმენტი ან სამედიცინო რეცეპტი იყო. ორგანიზაციის ცნობით, ზოგჯერ სამართალდამცველები ლტოლვილებს იმასაც კი ეუბნებოდნენ, რომ აღნიშნული დოკუმენტი თურქეთში დარჩენის მსურველთათვის აუცილებელი პროცედურა იყო.

როგორც ცნობილია, ანგარიშის შედგენისთვის ლტოლვილები საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში გამოკითხეს.