უფლებადამცველების მონაცემებით, სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში ავიაიერიშებსა და სარაკეტო დარტყმებს 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა
უფლებადამცველების მონაცემებით, სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში ავიაიერიშებსა და სარაკეტო დარტყმებს 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში 18 თებერვლის შემდეგ ავიაიერიშებსა და სარაკეტო დარტყმებს 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიაში ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ჯგუფი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგიონში დაპირისპირებები ძლიერდება და სულ უფრო მეტი ადამიანი იღუპება.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია 24 თებერვალს მიიღო, თუმცა შეთანხმება მიღებიდან რამდენიმე საათში დაირღვა.

აღმოსავლეთ ღუტაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ყველამ, ვინც სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულს სჩადის, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

გაერო-ში სირიის არაბული რესპუბლიკის ელჩმა, ჰუსამ აალამ საპასუხოდ განაცხადა, რომ სირიის ჯარი აღმოსავლეთ ღუტაში ტერორისტების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს აწარმოებს და მოქალაქეების ხოცვასთან კავშირი არ აქვთ.

საპირისპიროს ამტკიცებენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, სირიის თავდაცვის სამინისტრომ აღმოსავლეთ ღუტაში, მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად ანკლავში ქიმიური იარაღი, ქლორის გაზი გამოიყენა, რასაც მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი მოჰყვა.

აღმოსავლეთ ღუტა ერთ-ერთი ბოლო ტერიტორიაა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ამ რეგიონში 400 000-მდე ადამიანი ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინშია.